logo
ENG



შალვა თადუმაძე ეკა გიგაურს ცილისწამებაში ადანაშაულებს და უჩივის

05 ოქტ 202113:03
3 წუთის საკითხავი
 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ცნობით, ყოფილი გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, შალვა თადუმაძე მისი დიპლომის თაობაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს, ცილისწამებაში ადანაშაულებს და უჩივის.

თადუმაძე ცილისწამებად ეკა გიგაურის შეფასებებს მიიჩნევს, სადაც ის ეჭვქვეშ აყენებს შალვა თადუმაძის კვალიფიკაციას და მისი დიპლომის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აცხადებს, რომ თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით საჯარო უწყებებიდან მიღებული არაერთი დოკუმენტი შეისწავლა, რამაც კონკრეტული კითხვები გააჩინა.

TI-ის ცნობით, შალვა თადუმაძე დამატებით ითხოვს, დავის დასრულებამდე ეკა გიგაურს ​მის დიპლომთან დაკავშირებით საჯაროდ საუბარი აეკრძალოს.

ორგანიზაციის ცნობით, დიპლომს აქვს შემდეგი პრობლემები: 

  • მასში მითითებულია, რომ თადუმაძე ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა 1993 წელს, მაშინ როდესაც დაწესებულებამ ლიცენზია 1994 წელს მიიღო;

  • 1993 წელს შალვა თადუმაძე მხოლოდ 15 წლის იყო. საეჭვოა ამ ასაკში პირს საშუალო სკოლის დასრულება და შესაბამისად, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლების მოპოვება მოესწრო;

  • საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდებად მითითებულია „ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“ მაშინ, როდესაც აღნიშნული სახელწოდება მას 2003 წელს ეწოდა, ხოლო დიპლომი გაცემულია 1998 წელს.

"შალვა თადუმაძის დიპლომის თაობაზე კითხვები ჰქონდა ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR), სახალხო დამცველს და კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომლებიც აქტიურ მონიტორინგს უწევდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემა მძიმე გამოწვევების წინაშეა და მიუკერძოებელი, ობიექტური მართლმსაჯულების მოლოდინი არ გვაქვს, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო საკუთარ ინტერესებს ყველა ინსტანციის სასამართლოში დაიცავს". - აცხადებს TI. 


close დახურვა